
ანკარა რუსული S-400–ების შეძენის გაჭიანურებას უარყოფს
31/05/2019 09:46:12 სხვა, მსოფლიო
ანკარა რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენის გაჭიანურებას უარყოფს.
„რიგი მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თურქეთი S-400–ების შეძენის გაჭიანურებას გეგმავს. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყველაფერი გეგმის თანახმად გრძელდება“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს–სპიკერმა ჰამი აკსოიმ.
ცნობისთვის: CNBC–ს ინფორმაციით, აშშ–მა თურქეთს ორკვირიანი ვადა მისცა იმისათვის, რომ არჩევანი გააკეთოს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენასა და ამერიკულ სანქციებს შორის. რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში მოხდეს. ამ გარიგებამ თურქულ– ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია. ვაშინგტონი შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება. გარდა ამისა, აშშ ყურადღებას ამახვილებს S-400 - ების შეუთავსებლობაზე NATO-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან. როგორც აშშ–ის სენატში განაცხადეს, თუ თურქეთი S-400-ებს განათავსებს მის წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.