
შოთაძე – ივანიშვილი-ჩხარტიშვილი-ხაზარაძის შეხვედრაზე: „გენპროკურორს უფლება აქვს კერძო შეხვედრები აწარმოოს“
17/02/2020 15:49:26 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ამჟამად გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავის დროზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ბიზმესმენებთან მამუკა ხაზარაძესა და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრას დაესწრო და აცხადებს, რომ "გენერალურ პროკურორს სრული უფლება აქვს კერძო შეხვედრები აწარმოოს, მით უფრო, თუ ეს შეხვედრები მის სამსახურეობრივ საქმიანობას არ ეხება".
"ამ უფლებებს ვერავინ შეზღუდავს. თუ თქვენ, პარლამენტარები ბრძანდებით და ფიქრობთ, რომ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა არასამსახურეობრივ საქმიანობის გარეთ, პირადი შეხვედრები განახორციელოს და ასე შემდეგ, მაშინ ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა აისახოს, ეს არის ჩემი პასუხი“,- მიმართა შოთაძემ კანონმდებლებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მისი კანდიდატურის განხილვის ფარგლებში დღეს თავად შოთაძეს უსმენენ.
ცნობისთვის: ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე ხაზარაძემ გასული წლის სექტემბერში ისაუბრა. ვანო ჩხარტიშვილი იმ პერიოდში “თიბისი ბანკისგან” 30 მლნ ლარს ედავებოდა და საქმე სასამართლოში განიხილებოდა. ხაზარაძის თქმით, მას ივანშვილმა საქმის საკონსტიტუციო სასამართლოდან გატანა მოსთხოვა.
„ივანიშვილი იყო პრაქტიკულად, პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა. გვერდით უზის პროკურორი და არჩევდა საქმეს“, – აცხადებდა ხაზარაძე.