Accentnews.ge
პარლამენტის წინ ნაძვის ხის აწყობა დაიწყეს

პარლამენტის წინ ნაძვის ხის აწყობა დაიწყეს

08/12/2024 06:58:00 საზოგადოება

8 დეკემბრის ღამის 4 საათისთვის თბილისში პარლამენტის შენობის წინ, იქ სადაც ათი დღეა საპროტესტო აქციები იმართება საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყეს.

პარლამენტის შენობასთან ნაძვის ხის სამონტაჟო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული.

გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მიმდებარე ტერიტორია რკინის ბარიკადებით არის შემოსაზღვრული.

ცნობისთვის: თბილისში აქცია-მსვლელობა 7 დეკემბერს, საპროტესტო აქციების მეათე დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საღამოს ხუთი საათისთვის დაიწყო და 7 საათისთვის, ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. აქცია ღამის 2 საათისთვის დასრულდა.

პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქციის პარალელურად, რამდენიმე ინციდენტი მოხდა რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, ბესიკის ქუჩაზე.

"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს, პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს შავტანსაცმლიანი და ნიღბიანი უცნობი პირები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხრაძესა და ოპერატორს გიორგი შეწირულს. დაზიანებები იმდენად რთული იყო, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მოგვიანებით ექიმებმა თქვე, რომ ორივე ტვინის შერყევა აქვთ და ისინი ინგოროყვას კლინიკაში გააგრძელებენ მკურნალობას.

ჟურნალისტებზე თავდასხმის პარალელურად, შავნიღბიანი უცხო პირები ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისს. ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიციის წევრს კობა ხაბაზსა და კიდევ ორ პირს.

მალევე, ბესიკის ქუჩის მიდამოებში გაუსწორდნენ ფიზიკურად შავნიღბიანი პირები მსახიობ გიორგი მახარაძეს. მან თქვა, რომ თავდასხმის ფაქტს შეესწრნენ პოლიციელებიც, თუმცა, მის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ.

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამოეხმაურა ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც თქვა, რომ "99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე".

რაც შეეხება პარლამენტის წინ ნაძვის ხის დადგმას, 6 დეკემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ესმის კონკრეტული განცხადებები საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით "რადიკალების მხრიდან, რომ ისინი აპირებენ სხვადასხვა ქმედებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია"

"თქვენ წარმოიდგინეთ, ომის დროსაც კი იდგმება საახალწლო ნაძვის ხე იმისთვის, რომ ადამიანებს, პატარებს მაქსიმალურად შეუმსუბუქონ მდგომარეობა. ასეთი რამ უკრაინაშიც ბევრჯერ გვინახავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S