06-12-2024 12:27:26 პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების ნაწილი აქციებისას ძალადობაში მონაწილე სამართალდამცავების პასუხისგებაში მიცემას და დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. შესაბამისი ერთობლივი განცხადება მათ ბათუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთეს.
„საქართველოსთვის ძალიან ტრაგიკულ მოვლენებთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენი ე.წ. სამართალდამცავები ეწევიან მასიურ ტერორს, ადამიანებს აშინებენ, ფიზიკურად ძალადობენ მათზე. ფაქტები, რომლებიც ჩვენ გვესმის, არის აღმაშფოთებელი. ადამიანებს საათობით ტოვებენ გარეთ, კეტავენ მათ ოთახებში, ასხამენ გაზს, ურტყამენ, ამტვრევენ ძვლებში, დიდი ხნის განმავლობაში აწამებენ, იღებენ ამას ვიდეო-კამერებით. ეს არის შემზარავი და ეს არის დანაშაული, ეს დანაშაული არავის შერჩება, ეს დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი. პოლიტპატიმრები აუცილებლად გათავისუფლებიან, რადგან ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დევნილნი და დაპატიმრებულნი და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. ასევე მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიეცნენ მიეცნენ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ძალადობდნენ ახალგაზრდა მომიტინგეებზე. ყველამ ვნახეთ, ფიზიკური ძალადობის კადრები, შემზარავი ვიდეოები, რომლებიც ვრცელდება მთელ საქართველოში და უკვე მთელ მსოფლიოში. ადამიანები,რომლებიც ამას ჩადიოდნენ, სასწრაფოდ უნდა მიეცნენ პასუხისმგებლობაში. ის ხალხი ვერ გაექცევა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აკისრიათ“, - ამბობს „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ლევან ცუცქირიძე.
მისი თქმით, საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ მოისმინა, რომ ჰოლანდიამ შესაძლოა მოითხოვოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“.
„თუ ვიზალიბერალიზაცია დაიკარგა, ეს იქნება ნაბიჯი საქართველოს 1990-იან წლებში დაბრუნებისკენ, საქართველოს იზოლაციისკენ, კიდევ უფრო გაღარიბებისკენ და კიდევ უფრო ჩამორჩენილობისკენ და ეს არის ის, რაც არავინ უნდა დავუშვათ. აქედან გამოსავალი არის არჩევნები იმისთვის, რომ ქვეყანა დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში და განვითარება გააგრძელოს“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პროტესტი, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გაგრძელდეს.
"რასაც ცდილობს ახლა რუსეთი საქართველოში არის ის, რომ მანამ სანამ აშშ-ში მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება სხვა საკითხებზე საუბარი და მოლაპარაკებები, მანამდე რუსეთმა გაიფორმოს ეს ქვეყანა, როგორც მისი საკუთარი ნაწილი. საქართველოს საკითხი, როგორც 2012 წელს ჰპირდებოდა ივანიშვილი, აღარ იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში დასავლეთსა და რუსეთ შორის დაპირისპირებაში. ანუ უბრალოდ უნდათ ეს ქვეყანა ჯიბეში ჩაიდონ და მოლაპარაკებები იყოს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინაზე, ჩინეთზე, ირანსა და ა.შ. საქართველო, ამ მომენტისთვის, უნდა იყოს გაფორმებული, როგორც რუსეთის ნაწილი. ჩვენი, ყველას ამოცანა არის ამის არ დაშვება! პროტესტი უნდა გაგრძელდეს! პროტესტმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვანაირი ფორმები, მაგრამ ის, რაც რუსთაველზე ხდება, უნდა გაგრძელდეს რუსთაველზე. ის ადამიანები, რომლებმაც გარისკეს საკუთარი თავისუფლება, საკუთარი სიცოცხლე, რომლებიც დღეს არიან დაკავებულები და კაცმა არ იცის როდის გამოუშვებენ, ადამიანები, რომლებიც დაამტვრიეს ძვლებში, მათ ეს გააკეთეს იმიტომ, რომ ჰქონდათ ჩვენი იმედი, სხვა დანარჩენების, ვინც გარეთ დავრჩებოდით, ამ ბრძოლას გავაგრძელებდით. არანაირი პრობლემა არ არის ის, რომ დღეს შეიძლება ფოიერვერკები არ იყოს რუსთაველზე, არსებითი ეს არ არის. არსებითი არის პროტესტის გაგრძელდება, ნებისმიერ შემთხვევაში! ეს ტერორი გაგრძელდება, უნდა გვესმოდეს რა სტილის რეჟიმთან გვაქვს საქმე. მისი სახე იქნება უფრო საშინელი, მდგომარეობა უფრო გაუარესდება მანამ, სანამ ჩვენ არ მოვიგებთ!“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ჯაფარიძე მოუწოდებს "საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აღარ არის ცარიელი განცხადებების კეთების დრო, დადგა დრო, რომ ისინი გადავიდნენ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე".
„ძალაში რჩება ჩვენი მთავარი მოთხოვნები. პირველი - ყველა დაკავებული ადამიანი უნდა გათავისუფლდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა მათგანი არის პოლიტიკური პატიმარი. არც ერთი დაკავებული ადამიანის წინააღმდეგ არ წარმოუდგენია ხელისუფლებას არც ერთი არგუმენტი, რის გამოც შეიძლება, რომ ისინი დაკავებული ჰყავდეთ, მათ შორის, ის 5 ადამიანი, რომელიც აიყვანეს ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისიდან. არც ერთ დაკავებულს არ აქვს ჩადენილი რაიმე სახის ისეთ ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მეორე - ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების შესახებ. ხელახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში შექმნა „ქართულმა ოცნებამ“. მესამე - ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღარ არის ცარიელი განცხადებების კეთების დრო, დადგა დრო, რომ ისინი გადავიდნენ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე,“ - განაცხადა გია ჯაფარიძემ ბრიფინგზე 4 ბარიერგადალახული პარტიის წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე.
„გახარია-საქართველოსთვის“ წევრი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ „სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია ერთიანობა და მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება":
„ერთიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება. ჩვენ, მათ შორის, ვხედავთ იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელსაც ქართველი ხალხი ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული მომავლის დაცვის გზაზე ცივილიზებული დასავლეთიდან იღებს."