
„უფლებები საქართველო“: დიღმის იზოლატორში იმყოფება სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი, ვითხოვთ, სასწრაფოდ გადაიყვანოთ კლინიკაში
04/12/2024 15:18:22 საზოგადოება
ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ აცხადებს, რომ დიღმის იზოლატორში იმყოფება შსს-ს წარმომადგენლების მიერ გამთენიას სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი, რომელსაც აქვს ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მთელ სხეულში და უჭირს გადაადგილება.
ორგანიზაცია ითხოვს სასწრაფოდ გადაიყვანონ იზოლატორიდან კლინიკაში სასტიკად ნაცემი ბიჭი.
მისივე ცნობოთ, "ადგილზეა მისული ადვოკატის მიერ გამოძახებული სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელსაც იზოლატორში არ უშვებენ!"
"ვითხოვთ, სასწრაფოდ გადაიყვანოთ იზოლატორიდან კლინიკაში სასტიკად ნაცემი ბიჭი
დიღმის იზოლატორში იმყოფება შსს-ს წარმომადგენლების მიერ გამთენიას სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი, რომელსაც აქვს ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მთელ სხეულში და უჭირს გადაადგილება.
„უფლებები საქართველოს“ ადვოკატმა ოფიციალური განცხადებით დიღმის იზოლატორს უკვე მიმართა, თუმცა იზოლატორი უარს აცხადებს მის კლინიკაში გადაყვანაზე. საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატი და სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
შსს-ს წარმომადგენლებმა 20 წლის ბიჭი 4 დეკემბერს გამთენიას მეტროსადგური ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. იმყოფებოდა მარტო და ელოდებოდა მეგობარს. ჰყვება, რომ იქვე მდგარი პიკაპის ავტომანქანაში მყოფმა ნიღბიანმა პირებმა დაუწყეს გინება და მუქარა. სცადა ტერიტორიის დატოვება. ნიღბიანები გაქცეულ ბიჭს დაედევნენ ავტომობილით - ლამის დააჯახეს, გადმოცვივდნენ მანქანიდან და დაიჭირეს.
„მაგინებდნენ, ცოცხალს არ დაგტოვებო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ მოკალით და სადმე გადააგდეთ, ვინ გაიგებსო. მირტყამდნენ და იცინოდნენ“, - უთხრა ადვოკატს დაკავებულმა. დასისხლიანებულს სუნთქვა უჭირდა და ხელს აფარებდნენ პირზე - გამეტებით ურტყამდნენ თავში, სახეში და წიხლებს მთელ სხეულზე, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და მოკვლით.
ცემით და გინებით მიიყვანეს ბუკიას ბაღთან, საიდანაც სამმა პოლიციელმა გადაიყვანა ჯერ სამმართველოში და შემდეგ - დიღმის იზოლატორში.
ადგილზეა მისული ადვოკატის მიერ გამოძახებული სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელსაც იზოლატორში არ უშვებენ!", – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.