
ცეცხლაძის დედა: დამიჭერენ, დედა, მზად იყავით, მაგრამ მშვიდად ვარ, რადგან სუფთა ვარო
04/12/2024 14:27:22 საზოგადოება
ახალგაზრდა აქტივისტის, სტუდენტ ზვიად ცეცხლაძის მამა - ადვოკატი ზურა ცეცხლაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ბინაში, რომელიც მათ ჰქონდათ ნაქირავები, ჩხრეკა მიმდინარეობს.
"დილით უნივერსიტეტში იყო. როგორც მითხრეს, მეგობართან ერთად ქუჩიდან აიყვანეს - სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულებმა დააკავეს. ზვიადი მოითხოვდა მათგან სამსახურეობრივი დოკუმენტების წარდგენას. ამის შემდგომ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. ახლახანს გავარკვიეთ, რომ ბინაში, რომელიც გვაქვს ნაქირავები სართიჭალაში, მიმდინარეობს ჩხრეკა და როგორც მითხრეს, ზვიადიც თან ჰყავთ. დამატებითი არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. თავად ადვოკატი ვარ და ადვოკატთა ასოციაციას ვთხოვე ადვოკატის გამოყოფა, რომ მიაქციონ ყურადღება",- თქვა ცეცხლაძემ.
დედა ამბობს, რომ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეშინია.
"ზვიადს ორ კვირაზე მეტია, ღამე არ გაუთევია ბინაში, "დამიჭერენ, დედა, მზად იყავითო... რაღაც არ ჩამიდონო... მაგრამ მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ სუფთა ვარ, სიგარეტსაც არ ვეწევიო". ღმერთის იმედი მაქვს, ღმერთმა გადმოხედოს ამ ახალგაზრდებს. მეშინია, არ ცემონ - მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს".
დღეს ცნობილი გახდა, რომ ცეცხლაძე საპოლიციო ძალებმა ქუჩიდან აიყვანეს. დღესვე პოლიცია შევიდა რამდენიმე აქტივისტის სახლში, ჩხრეკენ პოლიტიკური პარტიების ოფისებსაც.