
პოლიცია შევიდა კიდევ ორ აქტივისტთან
04/12/2024 14:05:51 პოლიტიკა, საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტის საბა ჯაჯანიძის სახლში სამართალდამცავები იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე ანა კვანჭილაშვილი იტყობინება.
ამასთან, მისივე ცნობით, სამართალდამცავები დედამისის სახლიც გაჩხრიკეს და მოტყუებით გააღებინეს კარი.
„დედაჩემს მიადგა 4-5 ადამიანი ლურჯ ფორმებში სახლში, "გაზი უნდა შევამოწმოთო". არ უღებდა კარს. შემოვლეწავთო. გააღო დედაჩემმა კარი. დახვდათ დაზაფრული ტყუპები. თქვენ მე დაგასრულებთ ამ ტერორისთვის! დაჩხრიკეს სახლი სრულად და დაათვალიერეს ყველაფერი.
გულის შეტევა აქვს დედაჩემს. სასწრაფო გამოვუძახეთ. მე არ ვარ მასთან, ახლა გავდივარ“,- წერს კვანჭილაშვილი.
პოლიცია შევიდა ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის ქრისტინე ბოტკოველის სახლში.
როგორც მანამდე ქრისტინე ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამომძიებელმა ილია ღლონტის სახლის ჩხრეკის შემდეგ მას სთხოვა, რომ მის სახლში გასაუბრების მიზნით მისულიყვნენ.
„წარმოდგენა არ მაქვს რას ეძებენ, წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება, არც გზაში არ გვისაუბრია, არ ვიცი, უბრალოდ მოვედით. ღლონტის სახლთან გამომძიებელს არაფერი არ უთქვამს. უბრალოდ გასაუბრება უნდათ და გავყევი. [მან მითხრა, რომ] „შენთან სახლში უნდა წავიდეთ და გავისაუბროთო“. ვარაუდის დონეზე ვუკავშირებ, რომ „კაგებეს“ რეპრესიები დაიწყო და ამის მიხედვით მოქმედებენ“, - თქვა ბოტკოველმა.
მანამდე ჩხრეკა ჩატარდა ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის ილია ღლონტის სახლში. ასევე, ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან - ნენსი ვოლანდთანაც.
ილია ღლონტის და ქრისტინე ბოტკოველის ადვოკატის ანა გახოკიძის თქმით, ეს ყველაფერი ემსახურება ადამიანებში შიშის დათესვას და ტერორს.
დღეს, 4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ასევე შევიდნენ პოლიტიკური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახალის“ ოფისებში.
"დროას" ოფისთან დააკავეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრები ნიკა გვარამია და ლეგა ხასაია.
იტყობინებიან ახალგაზრდა აქტივისტის ზვიად ცეცხლაძის დაკავების შესახებ.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი საბა ბუაძეც აცხადებს, რომ პოლიციამ დღეს მისი ორი თანაგუნდელი დააკავა.