
ბუაძე: ახლახანს ჩვენი წევრები დააკავეს
04/12/2024 13:21:07 პოლიტიკა, საზოგადოება
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ პოლიციამ დღეს მისი ორი თანაგუნდელი დააკავა.
საუბარია ვეფხო კასრაძესა და ვასო კეძელაშვილზე.
"იმედზე გასული ბოდვის გამო ახლახანს დააკავეს ჩვენი წევრები",- წერს ის სოციალურ ქსელში. დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
დღეს, 4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ პოლიტიკური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახალის“ - ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების სახლში.
შსს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ პარტია „ახალის“ ოფისში, „ბესიკის ბიზნესცენტრში“ და ჩხრეკა ჩაატარეს. პარტიის დამფუძნებელი ნიკა გვარამია პოლიციელებს ეკითხებოდა, რის საფუძველზე იყვნენ შესულები, თუმცა პასუხი არ მიუღია. პოლიციელებმა 15:45 საათისთვის დატოვეს ოფისი.
პოლიციელები შესულები არიან „დროასა“ და „გირჩის“ საერთო ოფისში ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე. ელენე ხოშტარია პოლიციელებს უხსნის, რომ ინვენტარის ნაწილი რაც ოფისშია - პუფები, გენერატორები - აქციისათვის სჭირდებათ, რათა „ბიძინა ივანიშვილს უთხრან, რომ არის რუსეთის მონა“. "დროას" ოფისთან დააკავეს პარტიის ლიდერი ნიკა გვარამია, ასევე გელა ხასაია.
პოლიციელები არიან ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ოფისში. ადგილზე იმყოფება პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, რომელიც შენობაში არ შეუშვეს.
ჩხრეკა ჩატარდა ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის ილია ღლონტის სახლში. ასევე, ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან - ნენსი ვოლანდთანაც.
მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას“.