
ღლონტი: ადმინობის გამო თუ მოდიან, ჯგუფის წევრობაც ისჯება ალბათ, დაშინების მცდელობაა
04/12/2024 11:58:12 საზოგადოება
"დაიტოვეს" ერთ-ერთი ადმინისტრატორის, აქტივისტის, პროევროპული აქციების აქტიური მონაწილის ილია ღლონტის სახლში "გადაუდებელი აუცილებლობით" ჩატარებული ჩხრეკა დასრულდა.
პოლიციამ სახლიდან ლეპტოპი და ტელეფონი ამოიღო.
პოლიციამ ღლონტს განუცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობისა და არეულობისკენ მოწოდების მუხლებით.
"რა თქმა უნდა, არის რეპრესიები, დაშინების მცდელობა",- ამბობს ილია ღლონტის მეუღლე.
ღლონტი პოლიციის აქტივობას პროტესტს უკავშირებს.
"ადმინობის გამო თუ მოდიან, ჯგუფის წევრობაც ისჯება ალბათ, ცოტა უფრო ნაკლებით. დაშინების მცდელობაა...ნახავენ, ჯგუფში რამე ისეთს ხომ არ პოსტავენ, რაც არ მოეწონება კობახიძეს...",- თქვა ღლონტმა.
ღლონტის სახლში პოლიციის შესვლის შესახებ დაახლოებით ერთი საათის წინ გახდა ცნობილი.
3 დეკემბერს პოლიცია იყო შესული ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის დოდი ხარხელის სახლში.
სოციალურ ქსელში ჯგუფი "დაიტოვე", რომელიც "აგენტების კანონის" წინააღმდეგ აგორებული პროტესტისას შეიქმნა, ამჟამად 200 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს.
ჯგუფი აქტიურია მიმდინარე პროევროპული აქციების დროსაც. დემონსტრანტები ერთმანეთს უცვლიან აზრებს, გეგმავენ აქტივობებს, ცვლიან ცნობებს.