
აშშ–ის 17 ყოფილი ოფიციალური პირი და საქართველოს საკითხზე მომუშავე ექსპერტი: ამერიკამ უნდა დაუწესოს სანქციები, მათ შორის ივანიშვილს და არ აღიაროს არჩევნების შედეგები
04/12/2024 07:41:16 საზოგადოება
აშშ–ის 17 ყოფილი ოფიციალური პირი და საქართველოს საკითხზე მომუშავე ექსპერტი საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოველენებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ "ამერიკამ უნდა დაუწესოს სანქციები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს და არ აღიაროს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები".
„ჩვენ, საქართველოს მეგობრები, მათ შორის, ყოფილი ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოში ან/და მუშაობდნენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად ვგმობთ. ჩვენთვის ასევე რთულად გასაგებია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელსაც ხელმძღვანელობენ „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერონ. სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო, რომელიც გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში ვლადიმერ პუტინმა შეაქო, რამაც ათიათასობით ქართველის დემონსტრაცია გამოიწვია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელი ყოფილი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც გასულ წელს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, „ქართული ოცნების“ მთავრობამ არასწორი მიმართულებით" არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის დასახელებულია "აგენტების კანონის" მიღება.
განცხადების ხელმომწერები აცხადებენ, რომ "ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა 6,5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს".
"შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. საქართველო გახდა რეფორმის ერთ-ერთი ლიდერი ფართო რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა არის ძალიან პროამერიკული და პროევროპული და მათ სურთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება", – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ახლა კრიტიკული მომენტია საქართველოს ისტორიაში, რომელიც გავლენას ახდენს მთელ სამხრეთ კავკასიაზე და მის ფარგლებს გარეთაც. საქართველო, როგორც თავისუფლებისა და რეფორმების შუქურა, სასწორზე დევს. თუ გავითვალისწინებთ აშშ-ის მიერ ქართველი ხალხის მხარდაჭერის მრავალწლიან ისტორიას, როდესაც ისინი დემოკრატიისკენ მიიწევენ, ახლა მოქმედების დროა“.
ამერიკელი ყოფილი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა:
- "შეაჩეროს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება, ასევე, ახალი პარლამენტისა და „ქართული ოცნების“ მთავრობის თავიდან დანიშვნის აღიარება;
- მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით, ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში, რაც დემოკრატიული განახლების გზას შექმნის;
- მოუწოდოს საქართველოს სამხედრო და უშიშროების სამსახურებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია – ქართული დემოკრატიის საფუძველი, უარი თქვან ამ დოკუმენტთან შეუსაბამო ბრძანებებზე, მაგალითად, მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესიებზე.
- დაუყონებლივ დაუწესოს საჯარო სანქციები ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და მთავრობისა და პარლამენტის სხვა წარმომადგენლებს, ვინც ჩაერთო ასეთ ავტორიტარულ ქცევაში. ასევე, ეს უნდა ეხებოდეს პოლიციასა და სამხედრო ოფიციალურ პირებს, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში არიან ჩართულები და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას ხრიკების მოწყობაში მონაწილეობდნენ;
ყველა ეს ღონისძიება უფრო ეფექტური იქნება, თუკი ევროკავშირთან ერთად იქნება მიღებული. მარტო თუ ევროკავშირთან ერთად, ეს ნაბიჯები ეჭვს არ დატოვებს, რომ აშშ ცალსახად დგას საქართველოს ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის გვერდით", – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს შემდეგი პირები აწერენ: აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩი, რობერტ სეკუტა; ჰადსონის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი; გლობალურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგინე, პაულა დობრიანსკი; რუსეთის, უკრაინის, ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, ეველინ ფარკასი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დანიელ ფრიდი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში, ჯონ ჰერბსტი; ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი; აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, რიჩარდ კაუზლარიჩი; საქართელოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დევიდ კრამერი; ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი, ლორა ლინდერმანი; აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანსა და ევროკავშირში, რიჩარდ მორნინგსტარი; საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფრო მკვლევარი, სტივენ სესტანოვიჩი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, უილიამ ტეილორი; მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი; აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოსა და რუსეთში, ალექსანდრ ვერშბოუ; აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატო-ში, კურტ ვოლკერი; აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ბელარუსში, კენეტ იელოვიცი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, სომხეთსა და ყირგიზეთში, მერი იოვანოვიჩი.