
შსს-ში აცხადებენ, რომ ხარხელზე დაკავებული არაა
03/12/2024 11:09:21 საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ბლოგერი დოდი ხარხელი დაკავებული არაა.
მათი თქმით, გამოძიება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელ სისხლის სამართლის საქმეზეა საუბარი და რას შეეხება ის.
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის დოდი ხარხელის სახლში პოლიცია შევიდა. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია დოდი ხარხელის ქმარმა ლევან წიკლაურმა გაავრცელა.
მისი ნათესავების და მეგობრების თქმით, რომლებიც ახლა აქტივისტის სახლთან არიან შეკრებილები, რომ დოდი ხარხელი პოლიციამ საბავშვო ბაღთან გააჩერა მას შემდეგ, რაც მცირეწლოვანი შვილი ბაღში დატოვა, პოლიციის ავტომობილში ჩააჯინა და წაიყვანა.
ადგილზე პერიოდულად ხმაურია. ხმაური იყო ცოტა ხნის წინაც, რაც საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე სამართალდამცავის გამოსვლას მოჰყვა. „ჩაუდეთ ბიჭო? რა ჩაუდეთ?“ - მიმართეს მოქალაქეებმა პოლიციას. ისინი დარწმუნებყლი არიან, რომ პროცესი არის დაშინების მცდელობა ადამიანებისა, რომლებიც აქტიურად აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის ევროინტეგრაცია.