
ექიმის თქმით, აქციაზე დაშავებული, მართვით სუნთქვაზე მყოფი 21 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია
03/12/2024 10:59:32 საზოგადოება
ინგოროყვას კლინიკის ექიმის ნინო ხარაიშვილის განცხადებით, აქციაზე დაშავებული, მართვით სუნთქვაზე მყოფი 21 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ექიმი განმარტავს, 21 წლის ბიჭმა გონების დაკარგვამდე მათთან განაცხადა, რომ სავარაუდოდ დაზიანება ბლაგვი საგნით მიიღო.
„21 წლის პაციენტი მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. შესაბამისად, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია. თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებით. დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა საოპერაციოში. ჩაუტარდა დაზიანებულო ფრაგმენტების ამოკვეთა. ამ მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას. ჩაუტარდა განმეორებით კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე,“ - განაცხადა ექიმმა.
მისივე ცნობით, ამ დროისთვის კლინიკაში აქციებზე დაშავებული 12 პაციენტი მკურნალობს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - აქვთ რბილი ქსოვილებისა და ძვლოვანი სტრუქტურების მსუბუქი დაზიანებები.
დაშავებულის ბიძა ყვება, რომ ახალგაზრდა კაცს გაზის კაფსულა მოხვდა სახეში, როდესაც საპოლიციო ძალების ალყაში იმყოფებოდა:
"ბებიას დაურეკა, უთხრა, რომ ალყაში იყო, ვერ გადიოდა. მეგობარ გოგოსთან ერთად იყო და ბებიასთან საუბრის დროს, გოგონას მოხვდა ერთი კაფსულა ფეხში, მეორე კაფსულა კი ამას მოხვდა სახეში. ის მომიტინგეებმა გამოიყვანეს.
ალექსი არის ძალიან უწყინარი, ყველაზე საყვარელი ბავშვი, რომლის მშობლებიც არიან ემიგრაციაში. „აყვავებული“ ქვეყნიდან არიან წასულები ლუკმა-პურის საშოვნელად".