
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციიდან კლინიკებში 44 ადამიანი გადაიყვანეს
01/12/2024 11:33:38 საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 44 ადამიანი, საიდანაც 27 აქციის მონაწილეა, 1 მედიასაშუალების და 16 შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
უწყების ცნობით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათმა ნაწილმა დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება.
„საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.
აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის: მეოთხე დღეა, საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციები იმართება.
28 ნოემბერს საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.
პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი – ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ქუთაისში დემონსტრანტების ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავეს.
რაც შეეხება თბილისს, პრეზიდენტი თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა დაახლოებით 23:20 წუთზე და მოგვიანებით, თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს მიმართა.
"თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი. ფიცი ვის წინაშე დადეთ? რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ვის ემსახურებით? რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?", – ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს.
მოგვიანებით, 29 ნოემბერს ღამის 2 საათიდან საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ საპოლიციო ძალებმა აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებოდნენ სამართალდამცველები დემონსტრანტებს დაკავებისას, ასევე კადრებში ასახულია დემონსტრანტების მიერ სამართალდამცველების მისამართით სხვადახვა საგნების სროლის ფაქტები.
შსს–ს მიერ 29 ნოემბერს, დილით დაახლოებით 10:00 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი. შსს–ს ცნობით, "აქციაზე დაშავდა 32 სამართალდამცველი, მათგან 13-ს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა". ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი, მათ შორის მედიის რამდენიმე წარმომადგენელი ჰოსპიტალიზებულია.
29 ნოემბრის საღამოს თბილისსა და რეგიონების ნაწილში პროტესტი განახლდა.
საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქცია კვლავ დაშალეს. გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, დაკავებისას დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მედიის წარმომადგენლებზე კვლავ იძალადეს.
დღეს, 30 ნოემბერს დილის დაახლოებით 9 საათისთვის შსს–მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, "29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული". ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.
30 ნოემბრის საღამოს თბილისსა და რეგიონების ნაწილში პროტესტი განახლდა.
თბილისში, პარლამენტთან სპეციალური საშუალებების გამოყენებით პოლიციამ რამდენჯერმე სცადა აქციის დაშლა, თუმცა მოქალაქეების ნაწილი არ დაიშალა. აქციის მონაწილეები იყენებდნენ პიროტექნიკას და ჩაამსხვრიეს პარლამენტის შენობის პირველი სართულზე განლაგებული ფანჯრის მინები 30 ნოემბრისა და 1 დეკემბრის ღამეს. საპოლიციო ძალებმა მათ დასაშლელად ჭყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი გამოიყენეს. აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. არიან დაშავებულები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. 1 დეკემბრის დილით აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. მათ გადაკეტილი აქვთ გზები.
დღეს, 1 დეკემბრის 15:30 საათისთვის შსს–ს დაკავებულთა შესახებ განცხადება ჯერ კიდევ არ გაუვრცელებია.