
ვრცელდება კადრები, თუ როგორ ცლის სახანძროს მანქანას წყლისგან მძღოლი
30/11/2024 23:19:29 საზოგადოება
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, თუ როგორ ცლის სახანძროს მანქანას წყლის მარაგისგან მძღოლი. ამ გადაწყვეტილებას დემონსტრანტები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. რამდენადაც ცნობილია, სწორედ სახანძროს მანქანები ამარაგებენ წყლით წყლის ჭავლის მანქანებს, რომლებსაც შემდეგ დემონსტრანტების წინააღდეგ იყენებენ.
როგორც დემონსტრანტების ნაამბობიდან ირკვევა, მათ მანქანა მეტროს სადგურ "რუსთაველთან" შენიშნეს და გზის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცეს.
"ჯერ ჩვენ მოვუშვით წყარი - მყრალი სითხე აღმოჩნდა, შემდეგ მძღოლი გადმოვიდა და ბოლომდე დაცალა მანქანა",- ყვება აქციის მონაწილე.
განახლება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს სახანძრო მანქანიდან წყლის რეზერვუარის დაცლა აქციის მონაწილეებმა აიძულეს.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული კიდევ ერთი დესტრუქციული და უკანონო ქმედების შესახებ.
საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო „რედისონის“ მახლობლად მდებარე კაფე „ღვინოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ხანძარი.
მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე - მაშველები, სახანძრო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ჩაუკეტეს გზა და მეხანძრე-მაშველებს არ მისცეს ინციდენტის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა. მოქალაქეები მანქანას ურტყამდნენ ხელებს და სხვადასხვა ნივთებს.
ასევე, აქციის მონაწილეებმა თავად დააპირეს წყლის რეზერვუარის ონკანის გახსნა, რის გამოც მეხანძრე-მაშველები იძულებულნი გახდნენ თავად დაეცალათ წყლისგან სახანძრო ავტო-ცისტერნა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აქციის მონაწილეთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის ყოველგვარ ფორმას.
ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, ასევე, მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებსა და თითოეულ მოქალაქეს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.