
პუტინის კვალდაკვალ "ოცნებას" მედვედევი გამოესარჩლა
29/11/2024 17:17:31 პოლიტიკა
მოსკოვიდან სადავო ლეგიტიმაციის მქონე "ქართული ოცნების" ხელისუფლების დამცველთა განცხადებები არ წყდება. ოლიგარქ ივანიშვილის გუნდს ამჯერად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე - საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გამომცხადებელი ექს-პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი გამოესარჩლა.
"კვაზისახელმწიფო [უკრაინა - რედ.] ნორმალურ სახელმწიფოს [საქართველოს - რედ.] ჭკუას ასწავლის?!" - ასე გამოეხმაურა მედვდევი უკრაინის საგარეო უწყების მიერ ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ ოფიციალურ კომენტარს.
"ოპა! ბანდეროველების საგარეომ საქართველოში პროტესტების დარბევა დაგმო და განაცხადა, რ შიდაპოლიტიკური ვითარების ესკალაცია საპარლამენტო არჩევნებზე დაშვებული მრავალრიცხოვანი დარღვევების შედეგია... ჭკუიდან აიწევი! კვაზისახელმწიფო, სადაც არჩევნები საერთოდ არ ტარდება, გმობს მეორეს - ნორმალურ ქვეყანას! ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რას მოიმოქმედებს უკრაინის არალეგიტიმური ხელისუფლება, როცა ხალხი კვავ გავა მაიდანზე... აი, მაშინ სისხლიან ჯამბაზს ძალიამ, ძალიან შეშურდება იანუკოვიჩის ბედის" - წერს სოცქსელში მედვედევი.
ცნობისთვის: ეს ის მედვედევია, რომელსაც თავად რუსეთში "პუტინის ლოთ ჯამბაზად" მოიხსენიებენ; რომელმაც 2008 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხნვალის რეგიონების "დამოუკიდებლობის" აღიარების გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი და რომელმაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაწერა, რომ "საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ ერთგან - რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეიძლება, გაერთიანდნენ".