
კობახიძე ევროკავშირის ელჩის განცხადებას "დეზინფორმაციას" უწოდებს და დიპლომატის საგარეო უწყებაში დაბარებას არ გამორიცხავს
29/11/2024 10:21:35 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას "დეზინფორმაციას" უწოდებს და დიპლომატის საგარეო უწყებაში დაბარებას არ გამორიცხავს.
"ევროკავშირის ელჩის განცხადება არის სიცრუე და დეზინფორმაცია. ჩვენთვის ეს ძალიან სამწუხაროა. შეგიძლიათ, წაიკითხოთ გუშინდელი ბრიფინგის ტექსტი. შეიძლება, გუშინ რუსთაველის გამზირზე გამოსული ადამიანების დიდ ნაწილს არ ჰქონდა ბოლომდე წაკითხული ჩვენი ბრიფინგის ტექსტი, ან თუ წაიკითხა ბევრმა შეიძლება, ვერ გაიაზრა, მაგრამ მე არ მგონია ევროკავშირის ელჩს ჰქონდეს წაკითხულის გააზრების ასეთი პრობლემა. როდესაც ტექსტში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ ვართ ევროპული კურსის ერთგული, როდესაც წერია რომ 4 წლისთავზე ჩვენ გვექნება შესრულებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%–ზე მეტი, აქ რა უნდა ამის გააზრებას?! როდესაც ამას არ იაზრებს ევროკავშირის ელჩი ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ იგი აგრძელებს წინასაარჩევნო აგიტაციას, ქცევის ცვლილება არის საჭირო. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ დიპლომატიურ რეაგირებაზე", – განაცხადა მან დღეს გამართულ პრეს–კონფერეენციაზე.