
კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ "შანტაჟის მექანიზმი" გაანეიტრალეს
29/11/2024 10:22:40 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ "საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული".
ის ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რომ "შანტაჟის მექანიზმი" გაანეიტრალა ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერებით.
„საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, ხელოვნური ინსტრუმენტებით განაგრძოს ჩვენი ქვეყნის შანტაჟი და საზოგადოების გახლეჩის გამუდმებული მცდელობა და ამავდროულად გადავდგამთ ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის: თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
„ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან მესამე დღეს.
28 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.
აქციის დაშლისას ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.
შსს-ს ინფორმაციით, „აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად“ დაშავდა შსს-ს 32 თანამშრომელი, რომელთა ნაწილს თავის, თვალის და სხეულის მძიმე დაზიანება აქვს და 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.