![პრეზიდენტი – ევროპელ პარტნიორებს: ნუ მისცემთ რუსეთს [საქართველოში] უფასო გასეირნების უფლებას!](https://www.accentnews.ge/storage/files/60_4JCX8BE.jpeg)
პრეზიდენტი – ევროპელ პარტნიორებს: ნუ მისცემთ რუსეთს [საქართველოში] უფასო გასეირნების უფლებას!
28/11/2024 21:40:41 პოლიტიკა
"დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ევროკავშირიდან ხმა აიმაღლონ. ნუ მისცემთ რუსეთს [საქართველოში] უფასო გასეირნების უფლებას! ქართველი ხალხი იცავს ევროპულ მომავალს და ასე იქნება ხელახალ არჩევნებამდე [რომელიც ჩატარდება] თავისუფალ და სამართლიან გარემოში!", – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ცნობისთვის: დღეს, საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.
პრემიერი განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, თელავში ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
პრეზიდენტი თბლისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზეც მივიდა და მოგვიანებით, თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს მიმართა.
"თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი. ფიცი ვის წინაშე დადეთ? რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ვის ემსახურებით? რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?", – ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებს.