
შსს – დემონსტრანტებს: თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება
28/11/2024 19:04:46 პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტებს აფრთხილებს.
შსს–ს ცნობით, "უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე".
"საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: დღეს, საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.
პრემიერი განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარალელურად, თბლისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.