
„ქართულ ოცნებას“ ჯერ არ გადაუწყვეტია, შეუწყვეტს თუ არა მანდატებს ოპოზიციონერებს
28/11/2024 07:22:37 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ გადაუწყვეტია, შეუწყვეტს თუ არა მანდატებს ოპოზიციონერებს, რომლებმაც შესაბამისი განცხადებებით მიმართავენ პარლამენტში.
„ჯერჯერობით არ გვიმსჯელია ამ საკითხზე, შემოვიდა 20 განაცხადი, დაანონსებულია განაცხადების შეტანა. დაველოდებით. ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, საშუალება გვაქვს, რომ 2 კვირაში კენჭი ვუყაროთ ამ საკითხს, მანამდე, ბუნებრივია, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. იქნება პარლამენტში ოპოზიცია, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი. გახსოვთ, წინა 4 წლის განმავლობაში ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში, მაგრამ ამით მაინც არ შეწყვეტილა ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაციის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა, ისინი ერთნაირად აგრძელებდნენ ქუჩისა და დარბაზის გამოყენებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანამდე მანდატებზე უარი თქვეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე უნდა მიიღონ. მხოლოდ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს არ განუცხადებიათ მანდატების დატოვების შესახებ, თუმცა არც პარლამენტში შესვლას აპირებენ.