
"საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო უწყებების წერილი მხარდამჭერია და მასში უგულავა ნახსენები არ არის"
14/02/2020 12:12:24 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ირწმუნება, რომ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების მიერ ოფიციალური თბილისისადმი გამოგზავნილი ერთობლივი წერილი "მხარდამჭერია და მასში გიგი უგულავა ნახსენები არ არის".
"გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან და საფრანგეთთან საქართველოს აქვს ბრწყინვალე ურთიერთობები, ორივე ქვეყანა არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და კოლეგა მინისტრებთან მიმდინარეობს მჭიდრო კოორდინაცია ყველა საკითხზე. ძალიან ვაფასებ ორივე მინისტრთან ჩვენს ძალიან კარგ, მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებს. ამის დასტურია ჩემი ბოლო შეხვედრები მათთან. ჩვენ სწორედ მათი იმედი გვაქვს იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩემს შეხვედრებზე სწორედ ამ საკითხებზე იყი საუბარი და მათი მხრიდან მე მაქვს პოზიტიური გამოხმაურება. ეს არის მხარდამჭერი წერილი, რომელშიც დადასტურებულია საქართველოს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, რა პროცესებიც ქვეყანაში მიმდინარეობს. მასში არ არის საუბარი გიგი უგულავას საკითზე", – განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ წერილის განსაჯაროება "ფრანგული და გერმანული მხარის პრეროგატივაა".
ცნობისთვის: გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო უწყებებმა საქართველოს მთავრობას ერთობლივი წერილი გამოუგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაცია „აქცენტს“ საქართველოში გერმანიის საელჩოში დაუდასტურეს, თუმცა წერილის შინაარსსა და სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.
წერილის არსებობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა გაავრცელა და მთავრობას დოკუმენტის გამოქმეყნებისკენ მოუწოდა:
"ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ მისულია მთავრობაში გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი მიმართვა და ეს არ იქნება უკანასკნელი მსგავსი მიმართვა. ეს წნეხი მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება“ - განაცხადა კანდელაკმა "ტვ პირველთან" საუბრისას.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ „წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ოფიციალური თბილისი კოლეგების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას არ აპირებს".
ამასთან, როგორც "აქცენტს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, წერილი "დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია":
„წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია. ჩვენ არ ვაპირებთ, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აჰყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს“, – განუცხადეს „აქცენტს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ევროკავშირმა, რიგმა ევროპარლამენტარებმა, საელჩოებმა და სხვადსხვა ქვეყნის საგარეო უწყებებმა "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.