
მედია: ტრამპის გუნდი კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებს განიხილავს
27/11/2024 17:15:43 მსოფლიო
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდი განიხილავს მოლაპარაკებებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან იმ იმედით, რომ ეს ხელს შეუწყობს შეიარაღებული კონფლიქტის რისკების შემცირებას. ამის შესახებ Reuters ვაშინგტონში ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, ტრამპის გუნდიდან რამდენიმე ადამიანი მოელის, რომ გამოიყენოს არსებული პირდაპირი კონტაქტები ქვეყნებს შორის "ყინულის გასალღობად."
რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აპირებს ალექს ვონგის დანიშვნას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილედ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ლობირებდა ტრამპსა და კიმს შორის პირდაპირ კონტაქტს, როგორც დიპლომატიურ სტრატეგიას ვაშინგტონისთვის.
ბოლო წლებში ჩრდილოეთ კორეამ გაზარდა სარაკეტო არსენალი და გააღრმავა ურთიერთობა რუსეთთან.