
ოპოზიცია – პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე: "ივანიშვილმა ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმა"
27/11/2024 11:28:09 პოლიტიკა
ოპოზიციაში ეხმიანებიან "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენის ფაქტს.
„გახარია საქართველოსთვის“ ერთ–ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ "ივანიშვილმა ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმა".
„ნუ დაუთმობთ უდიპლომობას ყველა სივრცეს და ყველა ეთერს. არ არის ეს მთავარი პოლიტიკური საკითხი, რის ირგვლივაც ახლა დღის წესრიგი უნდა იქმნებოდეს (მერწმუნეთ, ეს მხოლოდ ივანიშვილს დაეხმარება). მთავარი ის არის, რომ ივანიშვილმა ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმა. გვყავს არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა და გვეყოლება არალეგიტიმური პრეზიდენტი. გვყავს ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიული სამყაროდან არავინ აღიარებს. სრულყოფილი ავტორიტარიზმის ფაზაში ვართ და აქედან გამოსავალს უნდა ვეძებდეთ“,- წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
„გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთი წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ "ივანიშვილი თვითგანადგურებას ეწევა":
"პირველი, რაც გამახსენდა, როდესაც ვნახე ივანიშვილის ეს ბრიფინგი, იყო კალიგულა თავისი ცხენით, როდესაც სენატში შეიყვანა თავისი ცხენი, რომელიც ძალიან უყვარდა და სენატორადაც კი აკურთხა. ჩემთვის ეს ყველაფერი ასოციაციას იწვევს სწორედ კალიგულასთან და მის ცხენთან. მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიციას მისცემს ივანიშვილი მის მორჩილ ცხენს. ეს არის ჩვენება იმისა, რამდენად უხეირო დიქტატურას წარმართავს ივანიშვილი და იზოლაციით, თვითგანადგურების პროცესით მიდის ივანიშვილი".
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ "რუსული გადატრიალების მორიგი სამარცხვინო ფაზაა, როცა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს მიხეილ ყაველაშვილი".
„ქართველი ხალხის წინააღმდეგ რუსული გადატრიალების მორიგი სამარცხვინო ფაზაა, როდესაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი. ერთადერთი გამოსავალი შეუგუებლობა, პროტესტი და ჩვენი ქვეყნის დაბრუნებაა“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
"ძლიერი საქართველოს" წევრი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ "ივანიშვილს წერა-კითხვის მცოდნე პრეზიდენტები არ უყვარს".
"ეს გაგრძელებაა ბიძინა ივანიშვილის შურისძიების პრეზიდენტის ინსტიტუტზე. გააუქმა პრეზიდენტის პირდაპირ არჩევითობა, იმიტომ, რომ თვლის, რომ არ გაუმართლა არცერთმა კანდიდატმა. მას არ უყვარს წერა-კითხვის მცოდნე პრეზიდენტები და ამ ნიშნით შეარჩია, ვფიქრობ, ის კანდიდატურა, რომელიც დღეს წარმოადგინა. მას არ მოუწევს შეხვედრა დემოკრატიული სახელმწიფოების მეთაურებთან, მაგრამ ვისთანაც არ უნდა მოუწიოს შეხვედრა, უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რა თემებზე შეიძლება, ისაუბროს ბატონმა ყაველაშვილმა", – განაცხადა მან.
ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად 27 ნოემბერს დაასახელა.
მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.
პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.