
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრებმა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური განცხადებებით მიმართეს
27/11/2024 08:30:20 პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრებმა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური განცხადებებით მიმართეს.
მანამდე ცესკომ დააკმაყოფილა პარტიის მოთხოვნა საარჩევნო სიის ჩახსნის თაობაზე.
პარტიის 19-ვე წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო „ქართულმა ოცნებამ“, სათითაოდ შეაქვს განცხადება საკანონმდებლო ორგანოს კანცელარიაში, რათა პარლამენტმა იმსჯელოს ამის შესახებ და მათ შეუწყვიტოს დეპუტატის სტატუსი.
„არ ვაპირებთ არანაირ ფორმალურ კავშირსაც კი ამ თვითარქვია ხელისუფლებასთან. სიები უკვე ჩახსნილი გვაქვს და დაველოდებით პასუხს. არაფერია გამორიცხული მათგან, მაგრამ ჩვენი განაცხადია, რომ მათთან არანაირ კავშირს არ ვაპირებთ“,- თქვა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ სიის #1-მა ნანა მამაშხიამ.
"ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს გზა გადის ამ ე.წ. პარლამენტის სრულ დელეგიტიმაციაზე, "ქართული ოცნების" ე.წ. ხელისუფლების ამ შენობაში მარტო დარჩენაზე და ახალ არჩევნებზე. დიახაც, ეს ჩვენი აქტი ამ მიზანს მიაღწევს...საბჭოთა საქართველოში შემოსასვლელ საშვებზე ვამბობთ უარს." - თქვა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ პარტიების ოფიციალური მიმართვის შემდეგ, ცესკომ 3 ოპოზიციური გაერთიანების მიერ წარდგენილი საარჩევნო სიები 26 ნოემბერს გააუქმა.