Accentnews.ge
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა

27/11/2024 07:00:47 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

"როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, არაპირდაპირი წესით გაიმართება. 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია, რომელშიც მყარ უმრავლესობას, ქართველი ხალხის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩვენი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ფლობს. აქედან გამომდინარე იმთავითვე ცხადია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დაიკავებს.

მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგენთ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას. მიხეილ ყაველაშვილს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. წლების განმავლობაში ის, როგორც წარმატებული სპორტსმენი იცავდა საქართველოს ღირსებას. მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი, ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი. მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება თბილისის "დინამოს", "ვლადიკავკაზის ალანიას", "მანჩესტერ სიტის", წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს. პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც, მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე. უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში. პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება ის თვისებებია, რომელიც ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოაჩენს. ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და 4 შვილის მამა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გუნდმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას. 29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკები, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა.

ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართველი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სამსახურში და საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში. მიხეილ ყაველაშვილს მინდა ვუსურვო წარმატებული საქმიანობა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ცნობისთვის: პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

ამ 300 წევრიდან:

  • 150 არის პარლამენტის წევრი;
  • 21 არის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი (სრული შემადგენლობა);
  • 20 არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  • 109 წევრი დაკომპლექტდება საკრებულოების წევრებისგან იმ პროპორციულობითა და თანაფარდობით, რომელიც დადგა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად.

ეს კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება საქართველოს პარლამენტის შენობაში და აირჩევს პრეზიდენტს. არჩევნებს ჩაატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

როგორც 26 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურის გამართვის საჭიროება დადგა, მეორე ტურიც 14 დეკემბერს ჩატარდება:

"კონსტიტუციის შესაბამისად, იმისთვის, რომ პირველივე ტურში აირჩეს კანდიდატი, საჭიროა, რომ მან მოაგროვოს კოლეგიის წევრთა ხმების 2/3-ის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში თუ 2/3-ს ვერ მოაგროვებს, მაშინ იმართება მეორე ტური. არჩევნებთან დაკავშირებით კანონში არის ასევე განსაზღვრული დრო და ის დაიწყება 09:00 საათიდან. თუ ამის საჭიროება იქნება, არჩევნების მეორე ტურიც დაინიშნება იმავე დღეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოვემზადოთ ამ მნიშვნელოვანი თარიღისთვის. და ბოლოს, ამ დადგენილების პროექტის შესაბამისად 14 დეკემბერს ჩატარდება პრეზიდენტის არჩევნები".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S