
ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა
27/11/2024 05:50:57 მსოფლიო
ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, 27 ნოემბერს ისრაელის და ლიბანის დროით 04:00 საათზე ამოქმედდა.
აშშ-ის მონაწილეობით მიღწეული შეთანხმება ისრაელსა და ლიბანში მოქმედ რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება "ჰეზბოლას" შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.
26 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, 60 დღის განმავლობაში ისრაელის სახმელეთო ჯარებმა ლიბანის ტერიტორია უნდა დატოვონ, "ჰეზბოლამ" კი დაახლოებით 40 კილომეტრით უკან უნდა დაიხიოს ლიბანი-ისრაელის საზღვრიდან და ეს რაიონები ლიბანის არმიის სამხედროებმა უნდა გააკონტროლონ. ისრაელმა უნდა გააუქმოს ლიბანის სამხრეთში შექმნილი ბუფერული ზონა.
"ჰეზბოლას" მხრიდან მორიგი საფრთხის შემთხვევაში ისრაელი ლიბანში საბრძოლო მოქმედებებს განაახლებს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვას მეთვალყურეობას გაუწევს რამდენიმე ქვეყნის კომიტეტი, რომელსაც აშშ უხელმძღვანელებს.
შეთანხმების ამოქმედებამდე "ჰეზბოლამ" განაცხადა, რომ დრონებით შეუტია თელ-ავივში მდებარე ისრაელის სამხედრო ობიექტებს, ისრაელის არმიამ კი მორიგი ავიადარტყმები განახორციელა "ჰეზბოლას" ობიექტებზე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში.