
„მინისტერიალის ორგანიზაებას ევროპის საბჭოს წესდებისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით მოვახდენთ“
14/02/2020 11:01:07 საგარეო პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ორგანიზებას ორგანიზაციის წესდებისა და ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით მოახდენს.
„ჩვენი პოზიცია ცნობილია - საქართველო როგორც თავმჯდომარე ქვეყანა იმოქმედებს ორგანიზაციის წესდების და პროცედურების შესაბამისად, იმისთვის, რომ უზრუნველყოს მინისტერიალის მაღალ დონეზე ჩატარება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებია და ის აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღირსეული თავმჯდომარეობა გაწიოს და მინისტერიალი ჩავატაროთ ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს თავმჯდომარეობას. სპეკულაციებზე, თუ ვინ როგორ ჩამოვა, ამაზე ძალიან ადრეა საუბარი, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში ურთიერთობას და მერწმუნეთ, რომ ყველაფერი ჩატარდება ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს”, - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დაგეგმილია ქართული მხარის რაიმე სახის შეხვედრა რუსეთის დელეგაციასთან.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მაისში თბილისს ეწვევა. თუმცა ვინ გამოემგზავრება საქართველოში რუსეთის მხრიდან და იქნება თუ არა დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი - ჯერ უცნობია.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში 14-15 მაისს უნდა ჩატარდეს.
ცნობისთვის: 12 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლაი კობრინეცმა განაცხადა, რომ მოსკოვი „საქართველოს მხრიდან მაისში თბილისში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე „პროვოკაციებს“ არ გამორიცხავს.
„როგორც იცით, საქართველოში მოქმედებს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი, რომლის თანახმად, ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლა კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლება და ისჯება ფულადი ჯარიმით ან 4 წლამდე საპატიმრო ვადით. საქართველოში მოქმედი ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გამოდის მოწოდებებით ამ კანონის ევროპის საბჭოს ღონისძიებებთან მიმართებაში გამოყენების შესახებ. დაე, ამ კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით თავად თბილისში გაერკვნენ, თუმცა თავმჯდომარე ქვეყანას – საქართველოს აკისრია ვალდებულება, ჯერ ერთი, უზრუნველყოს მონაწილეთა ქვეყანაში დაუბრკოლებელი შესვლა და მუშაობის კომფორტული პირობები და მეორე – რაც ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, ყველა დელეგაციის უსაფრთხოება უზრუნველყოს. რამდენად მზად არიან ჩვენი ქართველი პარტნიორები ამ ვალდებულებების შესასრულებლად – გარანტიები არ გვაქვს. შესაძლოა, თბილისში გადაწყვეტენ, რომ უპრიანი იქნებოდა მინისტერიალის ჩატარება სტრასბურგში. ეს ვარიანტი არ გამოირიცხება“, – განაცხადა გუშინ კობრინეცმა.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ შეხვედრაში მინისტრ ლავროვის მონაწილეობის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის:
„მაისის სესიაზე თავმჯდომარეობა საქართველოსგან საბერძნეთს გადაეცემა. ჩვენი მონაწილეობის დონე მაინდამაინც საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის, ეს დონე შესაძლოა, უფრო დაბალიც იყოს. მსგავსი რამ შესაძლებელია და აპრობირებულიც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წონადია შეხვედრის დღის წესრიგი, რა შედეგები აქვს თავმჯდომარეობას. ვინ უხელმძღვანელებს რუსულ დელეგაციას – ჯერ გადაწყვეტილი არ არის“.
ადრე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი გამონაკლისს დაუშვებს "ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ" კანონის დამრღვევი რუსეთის მოქალაქეებისათვის და ისინი მაისში თბილისში დაუბრკოლებლად ჩამოსვლას შეძლებენ. თუმცა მეორე დღეს განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომლის თქმით, „რუსული დელეგაციის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში იქნება მიღებული“. ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია ლავროვის დილემის გამო მაისისთვის დაგეგმილი სხდომის თბილისიდან სტრასბურგში შესაძლო გადატანის თაობაზე.