Accentnews.ge
სასამართლომ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები დახურა

სასამართლომ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები დახურა

26/11/2024 05:42:15 მსოფლიო

აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება კოლუმბიის ოლქის სასამართლომ 25 ნოემბერს მიიღო.

მოსამართლე ტანია ჩუტკანმა დააკმაყოფილა სპეციალური პროკურორის ჯეკ სმიტის განაცხადი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული საქმეების დახურვის შესახებ. სმიტმა სასამართლოს 25 ნოემბერს მიმართა.

სპეციალურმა პროკურორმა გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ მართალია, ბრალდების პოზიცია არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა გარემოებები და იუსტიციის სამინისტროს პოზიციაა, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, საქმე უნდა დაიხუროს, სანამ ტრამპი ოფიციალურად დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას.

CNN-ის ცნობით, საქმეების დახურვის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ იმუნიტეტი დროებითია და ამოიწურება პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ.

სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი ხელმძღვანელობდა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის ორი საქმის გამოძიებას. ერთი ეხებოდა ტრამპის მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობას, ხოლო მეორე - საიდუმლო დოკუმენტებთან მოპყრობის წესის დარღვევას.

დონალდ ტრამპი, რომელიც სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში აცხადებდა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ სპეცპროკურორ ჯეკ სმიტს თანამდებობიდან გაათავისუფლებდა. ამერიკული მედიის ცნობით, სმიტი გადადგომას თავად აპირებს.

78 წლის რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა.

ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S