
კრემლი - "ოცნების" სადარაჯოზე: დუგინი საქართველოს რეგიონების მოსახლეობას თბილისში ჩასვლისა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის "ნაძირლებისგან გაწმენდისკენ" მოუწოდებს
25/11/2024 12:08:56 პოლიტიკა
კრემლის პროპაგანდისტები "ქართულ ოცნებას" კვლავ თავგამოდებით იცავენ და საქართველოს მოსახლეობის "ოცნების" მხარდამჭერ ნაწილს მეორე - ოპოზიციურად განწყობილ ნაწილთან ფიზიკური დაპირისპირებისკენ მოუწოდებენ.
ერთ-ერთმა მათგანმა - კრემლის იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა დღეს მოუწოდა საქართველოს რეგიონების მოსახლეობას, "თბილისისკენ დაიძრას, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაწმინდოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაც და მთლიანად საქართველოც ნაძირლებისგან, რომლებიც ამ წუთებში კვლავ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან დაბუდებულები".
ასე გამოეხმაურა კრემლის პროპაგანდისტი საპროტესტო აქციას, რომელიც 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული, სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად იმართება.
დუგინმა მომიტინგეებს "ვამპირი სოროსის მიერ მართული უცხოეთის აგენტები" და "ტრანსგენდერები" უწოდა, რომლებიც "ლეგიტიმური უზენაესი ხელისუფლების ჩამოგდებას ცდილობენ" და მოუწოდა რეგიონების მოსახლეობას, "დედაქალაქისკენ დაიძრას ამ არარაობების შესაჩერებლად".
"საქართველოში უცხოეთის აგენტები და ტრანსგენდერები არ ეშვებიან ლეგიტიმური უზენაესი ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობებს. ასწლოვან ვამპირ სოროსს ახლახანს გადაუნერგეს სპეციალურად ამ მიზნით დაკლული უკრაინელის გული და აი, იგი ახალი ძალებით შეუდგა ახალი ფერადი რევოლუციის მზადებას, რისთვისაც საქართველოში, მათ შორის, თავისი შორეული ნათესავი - ოლიგოფრენი გრეტა ტურნბერგი მიავლინა ამალასთან ერთად. როგორც ჩანს, სოროსს გულის შემდეგ დონორად ქართველი სურს. ვფიქრობ, ქართველი ხალხი - არაჩვეულებრივი და მართლმადიდებელი, უნდა დაიძრას თავისი ულამაზესი სოფლებიდან დედაქალაქისკენ, რათა შეაჩეროს ნაძირლების ეს ვაქჰანალია" - წერს დუგინი.
"ოცნების" წარმომადგენლების მსგავსად, იგი კვლავ გადასწვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელიც "სამშობლოს მოღალატედ" მოიხსენია, - "მთელი ხალხის თვალწინ სახელმწიფო ღალატის აქტს სჩადისო".