
პარლამენტის სხდომა პროტესტის ფონზე გაიხსნა
25/11/2024 08:04:02 პოლიტიკა
მე–11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომელსაც მხოლოდ მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წევრი 89 დეპუტატი ესწრება, 12:00 საათზე გაიხსნა.
სხდომა ლადო კახაძემ, როგორც უხუცესმა დეპუტატმა, გახსნა.
დღის წესრიგი ასეთი იქნება:
- ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მოხსენება არჩევნების შედეგებზე;
- მისი მოხსენების შემდეგ პარლამენტის/პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა;
- შესვენება - რა დროსაც ყალიბდება ფრაქციები;
- შესვენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის და მოადგილეობის კანდიდატების დასახელება და არჩევა;
- მორიგი შესვენება, რა დროსაც ყალიბდება კომიტეტები;
- განახლებულ სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.
მე–11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებიან: საქართველოს მთავრობის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, ცესკოს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.
დღემდე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, დღევანდელ სხდომაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ მიუწვევიათ.
მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაზე მიწვეულები იყვნენ: ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეული არიან: საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, გენერალური პროკურორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გენერალური აუდიტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი; ქალაქ თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები.
საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან სამართალდამცველებია მობილიზებული. თუმცა ჩიტაძის ქუჩაზე მათი განსაკუთრებული მობილიზებაა, რადგან აქედან შევიდნენ "ქართულ ოცნების" დეპუტატები პარლამენტში.
პარალელურად, პარლამენტის წინ და უკან რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. დემონსტრანტების თქმით, მათი პროტესტი გაგრძელდება.
თავისუფლების მოედანზე პოლიციას მობილიზებული აქვს სპეცტექნიკა, მათ შორის – წყლის ჭავლის მანქანები. მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სამართალდამცველებია მობილიზებული.
ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ შეიკრიბნენ და ღამე პარლამენტთან გაათენეს.
ცნობისთვის: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.