
კობახიძე: "იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ანრი ოხანაშვილი"
25/11/2024 06:08:52 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა დაასახელა.
ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ანრი ოხანაშვილს არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, იგი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო, პროფესიონალი იურისტი საქართველოში. მას აქვს მიღებული ძალიან ღრმა განათლება ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ დამთავრებული აქვს მაგისტრატურა იენის უნივერსიტეტში, გერმანიაში და ასევე სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული გერმანიაში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. ის 2017 წლიდან გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი, წლების განმავლობაში, იკავებდა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას და ყველა მიმართულებით იყო ძალიან წარმატებული თავის საქმიანობაში. ანრი ოხანაშვილი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან კარგი იუსტიციის მინისტრი, მინდა წარმატებები ვუსურვო იუსტიციის სამინისტროში,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ, ოხანაშვილმა ირაკლი კობახიძეს "განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის" მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის. ჩემთვის პატივია ვიყო მისი ხელმძღვანელობით მთავრობის შემადგენლობაში. ასევე, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის. მსურს მადლობა გადავუხადო რატი ბრეგაძეს ჩვენი გუნდის წევრს გაწეული შრომისთვის, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ვემსახურო საზოგადოებას და სახელმწიფოს. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა იუსტიციის სფეროში, შესაბამისად განვაგრძობთ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი გუნდის დაწყებულ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.