
პაკისტანში 7-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
25/11/2024 02:48:23 მსოფლიო
პაკისტანში 7-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კურამის რაიონში ძალადობის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
დაპირისპირება ხუთშაბათს დაიწყო, როდესაც შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ შიიტი მუსლიმების კოლონებს, რომლებიც პოლიციის თანხლებით მოძრაობდნენ. თავდასხმის შედეგად, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რასაც შემდგომში საპასუხო თავდასხმები მოჰყვა.
მოლაპარაკებები როგორც შიიტი, ასევე სუნიტი თემის ლიდერებთან 23 ნოემბერს დაიწყო, ხოლო 24 ნოემბერს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მთავრობის წარმომადგენელმა მუჰამად ალი საიფმა განაცხადა, რომ ლიდერებმა ძალადობის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ამ რაიონში შეიარაღებული შიიტი და სუნიტი მუსლიმები ათწლეულების განმავლობაში ჩართულნი არიან დაპირისპირებაში ავღანეთის საზღვართან მდებარე მიწის გამო.