
პრეზიდენტი: საქართველოს პარლამენტის ხვალინდელი სხდომა არაკონსტიტუციურია
24/11/2024 23:59:03 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომელსაც "ქართული ოცნება" 25 ნოემბერს მოიწვევს, არაკონსტიტუციურია და არგუმენტად სამი მიზეზი მოჰყავს.
"საქართველოს პარლამენტის ხვალინდელი სხდომა არაკონსტიტუციურია:
მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ ეჭვქვეშ დააყენა მისი ლეგიტიმაცია.
მე უარი ვთქვი პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია არავის ცნობს ჩემს შემცვლელად.
ჩემი მიმართვა განხილვის მოლოდინშია საკონსტიტუციო სასამართლოში", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.
პარლამენტთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტანტები ღამის გათენებას აპირებენ. აქცია იმართება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის გასაპროტესტებლად, რომელიც 25 ნოემბერს, 12:00 საათზეა დაგეგმილი.
პოლიციამ 24 ნოემბრის დღის პირველ ნახევარში გაავრცელა განცხადება, რომლითაც დემონსტრანტები გააფრთხილა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც დადგება იმ შემთხვევაში, თუ აქციის გამო საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას ხელი შეეშლება.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, შეზღუდულია მედიის მუშაობაც.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი. მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ჩატარებულ არჩევნებზე კონსტიტუციით გარანტირებული ორი ფუნდამენტური უფლების - ხმის ფარულობის და არჩევნების საყოველთაობის დარღვევის გამო. არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს ოპოზიციაც და არ აპირებს პარლამენტში შესვლას ამჟამინდელი პოზიციით. საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებზე დარღვევების და დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შემსწავლელი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში - 61 მანდატი აქვს.