
ICC-ს გადაწყვეტილების მიუხედავად, ორბანმა ნეთანიაჰუ უნგრეთში მიიწვია: "სასამართლოს პირობებს არ შევასრულებთ"
22/11/2024 16:34:31 მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ისრაელის პრემიერ–მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში მიიწვია.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, მას უნგრეთში არ დააკავებენ.
ორბანმა განაცხადა, რომ ICC-ს გადაწყვეტილება ორდერის გაცემის შესახებ, რომლის თანახმად, ნეთანიაჰუს ღაზას სექტორში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს ედავებიან, „აღმაშფოთებლად თავხედური და ცინიკურია“.
"ICC-მ ნეთანიაჰუს მიმართ ბრალდების წაყენება მიმდინარე კონფლიქტში ჩარევის შენიღბული იურიდიული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მას სინამდვილეში პოლიტიკურ მიზნები აქვს. მოგვიანებით, დღეს მე მოვიწვევ ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში და მე მას გარანტიას ვაძლევ, რომ თუ ჩამოვა, ICC-ს გადაწყვეტილებას უნგრეთში ძალა არ ექნება და ჩვენ მის პირობებს არ შევასრულებთ. სხვა არჩევანი არ გვაქვს, ამ გადაწყვეტილებას წინ უნდა აღვუდგეთ“, - თქვა ურბანმა და დასძინა, რომ „სხვა არჩევანი არ გვაქვს, ამ გადაწყვეტილებას წინ უნდა აღვუდგეთ“.
ცნობისთვის: 21 ნოემბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ექს-მინისტრ იოვ გალანტის დაპატიმრების ორდერი გასცა. მათ ღაზას სექტორში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს ედავებიან. კერძოდ, როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განმარტებაშია აღნიშნული, "არსებობს გონივრული საფუძვლები იმის სათქმელად, რომ ნეთანიაჰუმ და გალანტმა გამიზნულად და შეგნებულად დატოვეს ღაზას სამოქალაქო მოსახლეობა გადარჩენისთვის აუცილებელი ნივთებისა და პროდუქტების, მათ შორის სურსათის, წყლის, მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის, ასევე საწვავისა და ელექტროენერგიის გარეშე".
უნგრეთი, როგორც ევროპის კავშირის ყველა წევრი ქვეყანა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშეკრულებას - რომის სტატუტს აღიარებს ისევე, როგორც მსოფლიოს 134 სახელმწიფო. მათ რიგებში არ არიან აშშ, რუსეთი, ისრაელი, თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი, რომლებმაც ან საერთოდ არ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, ან მოაწერეს და არ დაამტკიცეს, ან მოაწერეს და შემდეგ ხელმოწერა უკან წაიღეს.