
შვედეთი ამზადებს მსხვილ ინვესტიციას უკრაინული შორი მანძილის იარაღის წარმოებაში
22/11/2024 12:39:01 მსოფლიო
შვედეთი მალე გამოაცხადებს მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფას უკრაინული შორი მანძილის იარაღის შემუშავებისა და წარმოებისთვის. ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა უკრაინელ კოლეგასთან რუსტემ უმეროვთან შვედეთში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
კერძოდ, ჯონსონმა თქვა, რომ შვედეთი მალე გამოყოფს "მნიშვნელოვან სახსრებს", როგორც ინვესტიციას, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას, განახორციელოს საკუთარი შორი მანძილის რაკეტების და დამრტყმელი დრონების მასობრივი წარმოება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გაკეთდება დანიის მაგალითზე - უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისკენ თანხების მიმართვით.
„შვედეთი მზადაა, ითანამშრომლოს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან უკრაინის გრძელვადიანი შესაძლებლობების შემდგომი განვითარებისა და გაზრდის მიზნით. უკრაინას უნდა ჰქონდეს ყველაფერი, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად“, - თქვა პოლ ჯონსონმა.
მან გაიხსენა, რომ შვედეთს უკრაინისთვის შვედური იარაღის გამოყენებაზე არანაირი შეზღუდვა არ დაუწესებია.
გასულ კვირას რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ ნორვეგია დააფინანსებს უკრაინული იარაღისა და აღჭურვილობის წარმოებას, რითაც შეუერთდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის „დანიურ მოდელს“.
20 ნოემბერს დანიაში პირველი შეხვედრა გაიმართა თავდაცვის თანამშრომლობის ახალი ფორმატის „Nordic Group-Ukraine“ ფარგლებში, რომელშიც 12 ქვეყანა შედის.