
ტუსკი გლობალური კონფლიქტის საფრთხეს რეალურად მიიჩნევს
22/11/2024 12:12:21 მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი თვლის, რომ „ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები“ „გლობალური კონფლიქტის რეალურ საფრთხეზე“ მიუთითებს. ამის შესახებ მან პოლონეთის მასწავლებელთა კავშირის ყრილობაზე განაცხადა, იტყობინება რადიო Zet.
„მიჭირს, არ ვთქვა რამდენიმე ფუნდამენტური სიტყვა დღევანდელ ვითარებაზე, რადგან ეს არის ისტორიული სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ყველანი ვიმყოფებით: თქვენ, სტუდენტები, მშობლები, პოლონეთი, ევროპა“, - თქვა მან.
ტუსკის თქმით, ომი ახლა გადამწყვეტ ფაზაშია და „ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები“ აჩვენებს, რომ საფრთხე „ნამდვილად სერიოზული და რეალურია გლობალური კონფლიქტის თვალსაზრისით“.
„ომი აღმოსავლეთში გადამწყვეტ ფაზაში შედის. ეს ყველამ ვიცით. არცერთმა ჩვენგანმა არ იცის, როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი, მაგრამ ვიცით, რომ ის ახლა ძალიან დრამატულ ზომებს იღებს. ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები აჩვენებს, რომ ეს საფრთხე მართლაც სერიოზული და რეალურია გლობალური კონფლიქტის თვალსაზრისით“, - განაცხადა ტუსკმა.
ტუსკმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უსაფრთხო, ძლიერი, გამძლე ერები არიან ისეთები, რომლებსაც აქვთ ტექნოლოგიური, ინტელექტუალური, შემოქმედებითი უპირატესობა“.
„უკრაინა უძლებს ძირითადად იმიტომ, რომ უკრაინელი ხალხი აღმოჩნდა კრეატიული, ბევრმა შეძლო გამოწვევებისადმი საკუთარი მზადყოფნის ჩვენება“, - დასძინა მან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ დნიპროზე იერიში ახალი რუსული საშუალო მანძილზე მოქმედი „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტით მიიტანა. მისივე თქმით, ეს პასუხი იყო უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის და Storm Shadow-ის - ამერიკული და ბრიტანული რაკეტების გამოყენებაზე.