
აქციაზე დაკავებული 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
22/11/2024 09:12:19 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სამართლოში საპროტესტო აქციაზე დაკავებული 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა მათე დევიძის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. თავდაპირველად მას, მსგავსად დანარჩენებისა, პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც ახალგაზრდას იზოლატორი უნდა დაეტოვებინა, გაირკვა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ამ მუხლის ფარგლებში 21 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დევიძის დაკავების ღონისძიება არ მიმდინარეობდა, როცა ის პოლიციელებს თავს მოულოდნელად "დაესხა".
ხუბეჯაშვილის თქმით, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს, თუმცა, აღნიშნულს, მათი „ჯანმრთელობის მოშლა“ არ გამოუწვევია - ის აპელირებს ზოგადად პოლიციელებზე თავდასხმის სიმძიმეზე,„პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული".
პროკურორის თქმით, დევიძის მიერ მოქნეული ჯოხის შედეგად სამართალდამცავებმა დაზიანებები ხელის, შუბლის, ბეჭისა და ზურგის არეში მიიღეს.
"ამბობს, შემეშინდა და ვიქნევდი, არავისთვის ჩამირტყამს, მიზანი რომ ვინმესთვის ჩამერტყა და დაზიანება მიმეყენებინა, განზრახული არ მქონიაო" - ამბობს მისი ადვოკატი ბექა კვინიკაძე.