
ორბანი ჰააგას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს
22/11/2024 09:04:36 მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს.
"დღეს მე მოვიწვევ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნეთანიაჰუს ვიზიტით უნგრეთში და ამ მოწვევით მე მას ვაძლევ გარანტიას, თუ ის ჩამოვა, უნგრეთში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დადგენილებას არ ექნება ძალა და ჩვენ არ შევასრულებთ მის შინაარსს“, – განაცხადა ორბანმა.
მანამდე მან ჰააგის გადაწყვეტილებას ცინიკური უწოდა.
„ეს არის კანონის საფარქვეშ კონფლიქტში ჩარევა, რომელიც განპირობებულია პოლიტიკური მოტივებით. სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ გადაწყვეტილებას“, - დაწერა X-ზე ორბანმა.
მისი მტკიცებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და შეიძლება დაძაბულობის ესკალაცია მოახდინოს.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერი გასცა.
ისრაელი, რომელიც არ არის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, გამუდმებით უარყოფს სასამართლოს უფლებამოსილებას და აცხადებს, რომ პოლიტიკურად არის მიკერძოებული ისრაელის წინააღმდეგ.