![თსუ-ში, სადაც სტუდენტები ღამეს პროტესტის ნიშნად ათენებენ, დაპირისპირება იყო [ვიდეო]](https://www.accentnews.ge/storage/files/677_3Xppbg2.jpg)
თსუ-ში, სადაც სტუდენტები ღამეს პროტესტის ნიშნად ათენებენ, დაპირისპირება იყო [ვიდეო]
22/11/2024 06:02:39 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს, ასევე სპეცრაზმის მიერ საუნივერსიტეტოს სივრცის დაკავებას აპროტესტებენ და ორი დღეა, აუდიტორია აქვთ დაკავებული, ხმაური და დაპირისპირება იყო.
როგორც სტუდენტები ყვებიან, შენობაში მყოფ სტუდენტებს დაცვის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.
ახალგაზრდების ცნობით, სტუდენტებს შიდა სივრცეში გადაადგილება შეუზღუდეს, რაც გააპროტესტეს, სწორედ ამას მოყვა დაპირისპირებაც. ახალგაზრდები ამბობენ, რომ დაცვის თანამშრომლებს შორის იყო ერთი უცნობი პირიც, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა. შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.
"აუდიტორიიდან ცხვირი არ გამოყოთო, მხოლოდ საპირფარეშოში თუ გახვალთო. ამის გასაპროტესტებლად გადავწყვიტეთ რომ გავსულიყავით და რაღაც ლოკაციებზე დავმდგარიყავით. მოვარდნენ და ფიზიკური შეხება დაიწყეს... დაგვიზარალდა 2 გოგონა და 1 ბიჭი. მათ შემთხვევაში ასეთი ისტორიაა, რომ ერთ-ერთს დაემართა ემოციური შოკი, ერთ-ერთი გოგონა წააქციეს და წიხლები ურტყეს. ბიჭი ჰყვება, რომ ასმის შეტევა დაეწყო, წაიქცა და თავი ჩამოარტყა. ახლა ყველა კარგადაა, კრიტიკულად არც ერთი არ იმყოფება." - აცხადებს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე.