Accentnews.ge
ცესკო: პარლამენტის წევრებისთვის დროებითი მოწმობები დავამზადეთ

ცესკო: პარლამენტის წევრებისთვის დროებითი მოწმობები დავამზადეთ

20/11/2024 09:37:25 პოლიტიკა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისია პარლამენტის წევრებისთვის დროებითი მოწმობების დამზადების შესახებ იტყობინება.

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება.

შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით",- ვკითხულობთ ცესკოს განცხადებაში.

პარლამენტის ახალი შემადგენლობის შეკრება 25 ნოემბრისთვის არის დაანონსებული. პარალელურად, არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში.

"ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება სულ მცირე 76 დეპუტატი.

სხდომის გახსნის შემდეგ პარლამენტში იქმნება დროებითი სამანდატო კომისია. მას ცესკოს თავმჯდომარე პირველივე სხდომაზე გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ დოკუმენტებს და შედეგებს ასახავს დადგენილების პროექტში, სადაც უნდა აისახოს არჩეული დეპუტატების სახელები უფლებამოსილების ცნობის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, აგრეთვე რომლის არჩევის კანონიერება საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.

ცესკოს მიერ საარჩევნო შედეგების საბოლოო შეჯამების შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ითხოვს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. შესაბამისად, ამ სარჩელით გასაჩივრებულია 150 წევრის არჩევის კანონიერება.

დროებითმა სამანდატო კომისიამ არ უნდა შეიყვანოს არც ერთი არჩეული წევრის სახელი და გვარი შესაბამის დადგენილებაში. ამ შემთხვევაში პარლამენტი ვერ შეძლებს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას, რაც გამოიწვევს პარლამენტის პირველი სხდომის შეწყვეტას.

როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, ცესკოს თავმჯდომარე ამ მოვლენის დადგომიდან 10 დღის განმავლობაში მოიწვევს პარლამენტის სხდომას.

ამრიგად, საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში," - წერს საია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S