
გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო უწყებებმა საქართველოს მთავრობას ერთობლივი წერილი გამოუგზავნეს
13/02/2020 11:50:41 საგარეო პოლიტიკა
გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო უწყებებმა საქართველოს მთავრობას ერთობლივი წერილი გამოუგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაცია „აქცენტს“ საქართველოში გერმანიის საელჩოში დაუდასტურეს, თუმცა წერილის შინაარსსა და სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.
წერილის არსებობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა გაავრცელა და მთავრობას დოკუმენტის გამოქმეყნებისკენ მოუწოდა:
"ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ მისულია მთავრობაში გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი მიმართვა და ეს არ იქნება უკანასკნელი მსგავსი მიმართვა. ეს წნეხი მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება“ - განაცხადა კანდელაკმა "ტვ პირველთან" საუბრისას.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ „წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ოფიციალური თბილისი კოლეგების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას არ აპირებს".
ამასთან, როგორც "აქცენტს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, წერილი "დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია":
„წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია. ჩვენ არ ვაპირებთ, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აჰყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს“, – განუცხადეს „აქცენტს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.