Accentnews.ge
სახალხო დამცველი: 16 პირიდან 10 აცხადებს, რომ არის სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლი

სახალხო დამცველი: 16 პირიდან 10 აცხადებს, რომ არის სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლი

19/11/2024 14:42:07 საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული 14 მოქალაქე და აქციის დაშლისას მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო, კლინიკაში მყოფი 2 მოქალაქე მოინახულეს.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, "იმ 16 პირიდან, რომლებიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს, 10 აცხადებს, რომ არის სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლი".

"სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსმოუწოდა დაუყოვნებლივ დაიწყოს და წარმართოს ეფექტიანი გამოძიება - ყველა პასუხისმგებელი პირის გამოსავლენად. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია და კადრები გადასცა, რომელშიც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებია ასახული.

სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მსვლელობას", – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: დღეს დილით საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. ოპოზიციის ლიდერებმა თსუ–სთან საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს. პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. შსს–ს ცნობით 16 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლებულია. მომიტინგეები ამჟამად მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან. ისინი გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას არ აპირებენ. ოპოზიციონელი ლიდრების თქმით, პროტესტი გაგრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S