Accentnews.ge
კალიურანდი: „საქართველოს მმართველი გუნდის ინიციატივას გავეცნობით“

კალიურანდი: „საქართველოს მმართველი გუნდის ინიციატივას გავეცნობით“

13/02/2020 11:30:57 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ "ფაქტების შემსწავლელ კომისიაში“ სამუშაოდ ევროპარლამენტარების საქართველოში ჩასვლის შესახებ მმართველი გუნდის ინიციატივას გაეცნობა.

“ამ საკითხის მიმართ დიდი ყურადღებით ვიქნებით. როგორც იცით, ევროპარლამენტის მომხსენებელთა მისია, რომლის შემადგენლობაშიც არიან მუდმივმოქმედი მომხსენებლები, საქართველოში მიემართება. ისინი მოამზადებენ ზოგადი სახის მოხსენებას. სხვა დეტალების შესახებ ამ ეტაპზე საუბარი არ შემიძლია. ყურადღებით გავეცნობით შეთავაზებას, განვიხილავთ მას ევროპარლამენტში და ქართველ კოლეგებთან ერთად”, – განაცხადა, საქართველოს პარლამენტის პრეს–სამსახურის ცნობით, მარინა კალიურანდმა.

ევროპარლამენტარის თქმით, „ფაქტების შემსწავლელი მისიის წევრები ბოლოს მალტაში იმყოფებოდნენ“:

“სხვადასხვა სახის მისია შეიძლება, იყოს – ოფიციალური ან არაოფიციალური. ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრები, ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც შეხვედრებს ვმართავთ საზოგადოების წარმომადგენლებთან, მთავრობისა და ოპოზიციის წევრებთან. ევროპარლამენტს სხვადასხვა სახის მეთოდები აქვს".

მარინა კალიურანდი საქართველოში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ დისკუსიასაც გამოეხმაურა და მხარეებს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა:

“იმედს ვიტოვებთ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მიაღწევენ კონსენსუსს, რადგანაც ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან არჩევნებს. 2020 წლის არჩევნები ქართველი ხალხისათვის გარდამტეხი იქნება. ეს არჩევნები განსაზღვრავს თქვენს მომავალს, თქვენს რეფორმებს, ინტეგრაციას. შესაბამისად, ვთხოვ ორივე მხარეს – ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც, დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს. ეს თქვენი ხალხის მომავალს ეხება“.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირმა, რიგმა ევროპარლამენტარებმა, საელჩოებმა და სხვადსხვა ქვეყნის საგარეო უწყებებმა შეშფოთება გამოთქვეს, "ქართული ოცნების" გენმდივანმა და აღმასრულებელმა მდივანმა ბრიუსელში ვიზიტი განახოციელეს და ევროპარლამენტარები უგულავას საქმის შემსწავლელ კომისიაში სამუშაოდ საქართველოში მოიწვიეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას განცხადებით, ევროპარლამენტარების ნაწილმა კომისიაში მუშაობისთვის მზაობა გამოთქვა:

„მივესალმები მზადყოფნას ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ ვისაც აინტერესებს ჩაერთოს ამ პროცესში, დადგინდეს რეალობა და თუ რამე დარღვევა იქნა, ესეც იქნას გამოვლენილი“.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის ინიციატივას მხოლოდ „ქართული ოცნების“ პარტნიორი „ევროპელი სოციალისტების პარტია“ (PES) უჭერს მხარს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S