
პრეზიდენტი – უკრაინელებს მიმართავს: 1 000 დღეა, აწარმოებთ ამ ბრძოლას, მათ შორის ყველა ევროპელის სახელით, რომელსაც სურს საკუთარი თავისუფლების დაცვა რუსული იმპერიალიზმისგან
19/11/2024 10:53:30 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელებს მიმართავს და აცხადებს, რომ ისინი იბრძვიან, მათ შორის ყველა ევროპელის სახელით, რომელსაც სურს საკუთარი თავისუფლების დაცვა რუსული იმპერიალიზმისგან.
"უკრაინელო მეგობრებო, 1 000 დღეა, რაც თქვენ თქვენი ქვეყნის, თქვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დასაცავად იბრძვით და თქვენ აწარმოებთ ამ ბრძოლას ყველა ევროპელის სახელით, რომელსაც სურს საკუთარი თავისუფლების დაცვა რუსული იმპერიალიზმისგან, რუსეთის მცდელობისგან, დაიმორჩილოს და ანექსია მოახდინოს სხვების, მეზობლების ტერიტორიების, - აცხადებს პრეზიდენტი.
მისი თქმით, შესაძლოა, დამთხვევაა ის ფაქტი, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან რუსეთის კიდევ ერთ მცდელობას, გადადგას ახალი ნაბიჯები აფხაზეთის ანექსიისკენ:
„ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენი ეს ბრძოლა დავიწყებას არასდროს მიეცემა და შესაძლოა, დამთხვევაა, მაგრამ, უსათუოდ არა, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩვენი მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან რუსეთის კიდევ ერთ მცდელობას, გადადგას ახალი ნაბიჯები აფხაზეთის ანექსიისკენ. ეს არ იქნება წარმატებული არსად, სადაც ხალხი თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას იცავს. ისინი ამას გადალახავენ“.
დღეს, 19 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1000 დღე გავიდა.
რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, აფხაზური ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება მოსკოვის მიერ ინიცირებულ "საინვესტიციო საქმიანობის შესახებ" ხელშეკრულებას დიდ საფრთხედ განიხილავენ და თვლიან, რომ დოკუმენტი აფხაზეთს "რუსული ოლიგარქატის საკუთრებად გადააქცევს". ოპოზიცია "სამთავრობო" კომპლექსში 15 ნოემბერს - იმ დღეს შეიჭრა, როცა დე-ფაქტო პარლამენტს რუსეთის მიერ ინიცირებული ე.წ. "საინვესტიციო საქმიანობის შესახებ" შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოეხდინა. "დეპუტატთა" ნაწილი პროტესტს შეუერთდა და სხდომა ჩაიშალა.
ოპოზიციასთან მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი და პრემიერი თანამდებობებიდან გადადგნენ.
"სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, პრეზიდენტის თანამდებობას ვტოვებ", - ნათქვამია ასლან ბჟანიას განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბჟანია თანამდებობას ტოვებს, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები კი - 15 ნოემბერს დაკავებულ ე.წ. "სამთავრობო" შენობათა კომპლექსს და იშლებიან. "თუ ოპოზიცია შეთანხმების ამ პუნქტს დაარღვევს, ვიტოვებ უფლებას, გადადგომის გადაწყვეტილება გავიწვიო", - ნათქვამია ასლან ბჟანიას განხადებაში.