
კალაძე – ბორელის განცხადებაზე: ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზად ვართ
19/11/2024 09:34:40 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ მზად არიან, საერთაშორისო პარტნიორებთან არჩევნების საკითხზე ითანამშრომლონ.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა. არანაირი პრობლემა არ არსებობს. არჩევნების მეორე დღესვე, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, თუკი რაიმე კითხვები არსებობს, აგერ არის საარჩევნო ურნები და დათვალეთო. 2020 წელს იგივე დამოკიდებულება არ გვქონდა, როდესაც გაგვიყალბეს პარალელური დათვლები? იგივე ხდება ახლაც. რატომ არ გამოვიდნენ და არ აჩვენეს ხალხს ის პარალელური დათვლები, რომელიც გაკეთებული ჰქონდათ? იმიტომ, რომ ჰქონდათ მცდელობა, როგორმე დაძაბულობა შემოეტანათ. მაგრამ ჩვენ ეს „კინო“ უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით როგორ მოქმედებენ რადიკალები“, - განაცხადა კალაძემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის მიერ საქართველოში ტექნიკური მისიის გამოგზავნის შესახებ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.