Accentnews.ge
სირაძე: მოძრაობა უნდა აღდგეს, თუ არ დაემორჩილნენ მოთხოვნას, შესაბამის ზომებს მივიღებთ

სირაძე: მოძრაობა უნდა აღდგეს, თუ არ დაემორჩილნენ მოთხოვნას, შესაბამის ზომებს მივიღებთ

19/11/2024 07:08:42 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, გაათავისუფლონ საავტომობილო გზა.

"მაქსიმალურად ვცდილობთ პოლიციის თითოეული თანამშრომელი, რომ განვუმარტოთ მათ სამართალდარღვევის არსი, მოვუწოდებთ, რომ გაათავისუფლონ საავტომობილო გზა, ვინაიდან უნდა აღდგეს მოძრაობა. შესაბამისად, პოლიცია მაქსიმალურს გააკეთებს, რომ ყოველგვარი ძალის გამოყენების გარეშე, მოლაპარაკების გზით გადავიდნენ გზიდან. თუ მოხდა ისე, რომ არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გაითვალისწინეს, შესაბამის ზომებს მივიღებთ", – ამბობს სირაძე "რუსთავი 2"-თან.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის, გზის სავალი ნაწილი ბარიკადებისა და კონსტრუქციებისგან გაწმინდეს.

"ამ შემთხვევაში მიდის მოლაპარაკებები მათთან და მოვუწოდებთ, რომ დაემორჩილონ ჩვენს მოთხოვნას, დაიცვან კანონი და გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი“, - განუცხადა სირაძემ "რუსთავი 2"-ს.

ამასთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ადასტურებს, რომ რამდენიმე ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მისივე თქმით, პოლიციამ "პროპორციული ძალა" გამოიყენა:

"მასმედიის არაერთმა წარმომადგენელმა დააფიქსირა ეს გარკვეული ფაქტები, რომლებშიც სისტემატურად პოლიციას უწევდნენ წინააღმდეგობას და შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა და აქციის მონაწილეები გამოყვანილ იქნა იმ ტერიტორიიდან, სადაც მათ აღმართული ჰქონდათ სხვადასხვა სახის ბარიკადი. აქციაზე რამდენიმე პირი იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული, ზუსტ რაოდენობაზე მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას, რომლებმაც გაუწიეს წინააღმდეგობა პოლიციის თანამშრომლებს და აყენებდნენ შეურაცხყოფას".

ცნობისთვის: ოპოზიციის ლიდერებმა თსუ–სთან საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს. პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეები ამჟამად მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S