
პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში იწყებს დავას
18/11/2024 16:45:39 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 19 ნოემბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში იწყებს დავას.
როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, საქმე ეხება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის - ხმის ფარულობის და არჩევნების საყოველთაოობის დარღვევას.
"დილით შემაქვს სარჩელი საკონსტიტუციოში სწორედ იმ კონსტიუტუციური პრინციპების დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ხმის ფარულობა და საყოველთაოობა და ეს არის არა იმიტომ, რომ მჯერა საკონსტიტუცისი - ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება უკვე მივიღეთ არაერთხელ. მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ ქვეყანაში არც ერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ გამოვცადოთ. ესეც არის ჩემი სარჩელის მიზანი - ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომლებიც დადგებიან თავიანთ თავთან არჩევანის წინაშე - როგორი ქვეყანა მინდა? ვისთან ერეთად? და საით მინდა, წავიდეს ეს ქვეყანა? ამაზე მათი პასუხი არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. მინდა, მათ და ჩვენს თავს ვუსურვო, რომ ამ საკონსტიტუციო სასამართლოში აღმოჩნდეს რამდენიმე მოსამართლე, რომელიც, როგორც ერთმა მოსამართლემ უკვე გვაჩვენა, ისინიც გვაჩვენებენ, რომ ღირსეული მოსამართლეები მაინც გვყავს ქვეყანაში",- თქვა პრეზიდენტმა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, იმ პოლიტიკოსს არ გადაეცემა დეპუტატის მანდატი, ვისი არჩევის საკითხიც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.