
ევროპარლამენტი: „ქართული დემოკრატიისთვის კრიტიკული დრო დადგა“
13/02/2020 10:00:14 საგარეო პოლიტიკა
ევროპარლამენტში თვლიან, რომ საქართველოში დემოკრატიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დრო დადგა. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაკალისტერის, კომიტეტში ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეა – საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელ მარინა კალიურანდისა და საქართველოს შესახებ მომხსენებელ სვენ მიკსერის ერთობლივ განცხადებაში.
„დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, რომელიც საზოგადოების ნდობით სარგებლობს, ნებისმიერი დემოკრატის მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს. ამასთანავე, ეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებაა. სამწუხაროდ, გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოშობს კითხვებს ამ გადაწყვეტილების პროცედურის, ვადებისა და მოტივაციის თაობაზე. ამასთანავე, ეს კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას საქართველოში არსებულ ისედაც რთულ პოლიტიკურ ვითარებაში. საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კონსენსუსის მისაღწევად საარჩევნო რეფორმის ირგვლივ, რომელმაც ოპტიმალურად უნდა გამოხატოს ქართველი ხალხის ნება. ჩვენ მჭიდრო კონტაქტებს განვაგრძობთ საქართველოს პარლამენტში ჩვენს პარტნიორებთან ქვეყნის დემოკრატიისთვის ამ რთულ პერიოდში“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ცნობისთვის: საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გუშინ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურიც (EEAS) გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური დიალოგის წინსვლას ხელს არ უწყობს".
მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ჩაიშალა.
აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.
ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.