Accentnews.ge
თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება

თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება

17/11/2024 15:13:02 საზოგადოება

თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან, სადაც 19:00 საათზე საპროტესტო აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება.

აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც.

ამასთან, მსვლელობას მართავენ, სტუდენტებიც, რომლებიც პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

დღევანდელი საპროტესტო აქცია სადამკვირვებლო მისიის "ჩემი ხმა" მიერ არის დაანონსებული. როგორც ცნობილია, აქციაზე დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე.

ცნობისთვის: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

ოქმის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ – 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ – 12.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S