
ელჩი: ისრაელმა უკრაინას გადასცა ყველაფერი, რაც საჭიროა ადრეული გაფრთხილების სისტემის დასანერგად და მისი ამოქმედება ფინალურ ეტაპზეა
15/11/2024 06:36:22 მსოფლიო
ისრაელში უკრაინის ელჩი ევგენი კორნიჩუკი აცხადებს, რომ "ისრაელმა უკრაინას გადასცა ყველაფერი, რაც საჭიროა ადრეული გაფრთხილების სისტემის დასანერგად და მისი ამოქმედება ფინალურ ეტაპზეა".
მისი თქმით, საუბარია ისრაელში წარმოებულ სამგანზომილებიან რადარებზე.
"კორნიჩუკმა ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში განაცხადა სურვილის შესახებ, უკრაინას შეეძინა ისრაელის "რკინის გუმბათის" საჰაერო თავდაცვის სისტემა ან მსგავსი საშუალებები, რათა დაეცვა მშვიდობიანი მოსახლეობა სარაკეტო თავდასხმებისგან. თუმცა, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა თქვა, რომ რკინის გუმბათი არ იყო ეფექტური რუსული ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების წინააღმდეგ, რომლებიც გამოიყენება უკრაინაზე თავდასხმებში.
2023 წლის იანვარში ელჩმა ჭკვიანი გამაფრთხილებელი ტექნოლოგიების უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე ისრაელის მხარესთან კვლავ ისაუბრა. ამ დროს უკვე დაწყებული იყო ტრანსფერის პროცესი და მოსალოდნელი იყო, რომ სისტემა გარკვეული დროის შემდეგ უკრაინაში ამოქმედდებოდა", – იუწყება უკრაინული მედია.
რა არის „რკინის გუმბათი“
ესაა მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვითი სისტემა, რომელსაც ისრაელი იყენებს 70 კილომეტრის მანძილიდან გასროლილი რაკეტების გასაუვნებელყოფად. სისტემა მოიცავს რაკეტების ამოცნობის, მათი ტრაექტორიის გამოთვლის და ჰაერში განადგურების მექანიზმებს. ის ყველანაირ ამინდში მუშაობს - ნისლშიც, წვიმაშიც და მტვრის ღრუბელშიც. სისტემა აანალიზებს საფრთხეს და ანტირაკეტას მხოლოდ მაშინ უშვებს, თუ საფრთხე დასახლებულ ადგილს ემუქრება.